საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის პირველ კვლევას აქვეყნებს, სადაც, მათ შორის, შეფასებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ასახულია პოლიტიკური რეიტინგები.
"არჩევნები რომ მომავალ კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?", - IRI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, გამოკითულთა 35% ასახელებს ქართულ ოცნებას, მოსახლეობის 2%-სთვის კი მმართველი პარტია მეორე არჩევანია.
კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ნაციონალური მოძრაობა - 18%; მეორე არჩევანი 5%;
- ევროპული საქართველო - დავით ბაქრაძე/გიგა ბოკერია - 3%; მეორე არჩევანი 16%;
- სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 3%; მეორე არჩევანი 4%;
- გირჩი - ზურაბ ჯაფარიძე - 2%; მეორე არჩევანი 2%;
- პატრიოტთა ალიანსი - 2%; მეორე არჩევანი 4%;
- ლეიბორისტული პარტია - 2%; მეორე არჩევანი 2%;
- მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 2%; მეორე არჩევანი - 3%;
- ლელო - 1%; მეორე არჩევანი - 2%;
- სხვა - 1%.
IRI-მ კვლევაში ასახა საჯარო პირების რეიტინგებიც, რაც შემდეგნაირად განაწილდა:
- პატრიარქი ილია მეორე - 89%-ს მოსწონს, 4%-ს არ მოსწონს;
- გიორგი გახარია - 65%-ს მოსწონს, 30%-ს არ მოსწონს;
- კახა კალაძე - 54%-ს მოსწონს, 39%-ს არ მოსწონს;
- დავით ბაქრაძე - 52%-ს არ მოსწონს, 37%-ს მოსწონს;
- ნიკა მელია 42%-ს მოსწონს, 48%-ს არ მოსწონს;
- ბიძინა ივანიშვილი - 40%-ს მოსწონს, 53%-ს არ მოსწონს;
- გიორგი ვაშაძე - 39%-ს მოსწონს, 49%-ს არ მოსწონს.
2020 წლის არჩევნები
კვლევის ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა 31 ოქტომბრის 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას.
კითხვაზე, "გჯერათ თუ არა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე? - მოსახლეობის 28% ფიქრობს, რომ არჩევნები ნაწილობრივ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყო, გამოკითხულთა 25% ამავე კითხვას პასუხობს "დანამდვილებით".
გამოკითხულთა 19%-ის აზრით, არჩევნები "საერთოდ არ ყოფილა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე", 16%-ის თქმით კი არჩევნები "არც ისე სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი იყო.
ახალი არჩევნები
IRI-ის კვლევითვე, გამოკითხული მოსახლეობის 45% ემხრობა ოპოზიციის მოთხოვნას, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მაშინ, როდესაც 45% არ ემხრობა ამაზე მოთხოვნას. კერძოდ, 25% "დანამდვილებით" მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები საჭიროა, 20% კი ნაწილობრივ ეთანხმება ამას.
33%-ის აზრით, "ნამადვილებით" არაა საჭირო ახალი არჩევნები, 12% კი ნაწილობრივ არ ეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებას.
ოპოზიციის ბოიკოტი
გარდა ამისა, კვლევით ჩანს, რომ მოსახლეობის 42% საერთოდ არ ეთანხმება ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს პარლამენტში შესვლაზე, მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას, ნაწილობრივ ან სრულად ეთანხმება მოსახლეობის 26%.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.