ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ NDI საპარლამენტო არჩევნების დღეს ადგილზე დამკვირვებელთა დელეგაციას არ გამოგზავნის, მმართველ გუნდს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დაკვირვების გარეშე ჩაივლის.
როგორც კაპანაძე აცხადებს, NDI საქართველოში წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდება და ყველა იმ თემას გაუწევს მონიტორინგს, რომელიც საქართველოში ამომრჩეველსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს აწუხებს.
"რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ადგილზე მეტი დამკვირვებელი ყოფილიყო NDI-დან, თუმცა დამკვირვებლები გვეყოლება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შესაბამისად, თუ ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, ან ჯერ კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ ეს არჩევნები დაკვირვების გარეშე ჩაივლის, ეს ასე არ იქნება. NDI-სგან, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ის აპირებს წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდეს და ყველა ის თემა, რაც აწუხებს საზოგადოებას, აწუხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს დაშინება, მოსყიდვა სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევა, ან კანონის არასათანადოდ შესრულება და ცალმხრივად შესრულება, ყველაფერ ამის მონიტორინგს NDI გააკეთებს", - აცხადებს სერგი კაპანაძე.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) გადაწყვეტილებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს ადგილზე დამკვირვებელთა დელეგაციას არ გამოგზავნიან. ინსტიტუტი განცხადებაში ამის მიზეზად Covid-19-თან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას ასახელებს.