logo
ENG



კაპანაძე: გავაგრძელებთ ლაპარაკს იმ განსხვავებებზე, რომლებიც სხვა პარტიებთან გვაქვს

07 სექ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 
ng28vquwmb621sl.jpg

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარტია მოსახლეობისთვის პროგრამის გაცნობასთან ერთად, მათი სხვა პარტიებთან განსხვავებების შესახებ ლაპარაკს გააგრძელებს.

ვინაიდან, მისი თქმით, პროპორციული სისტემის მთელი პლუსი სწორედ ეს არის - "სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა განასხვავონ თავისი თავი ერთმანეთისგან, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს იმას, რომელიც უფრო მოსწონს".

კაპანაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო ბულკეტის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობას გამოეხმაურა - მასში ხაზგასმულია ის მიდგომები, რაც ამ პარტიას ნაციონალური მოძრაობისგან განასხვავებს. მოქალაქეების ნაწილმა ევსაქებს ეს არ მოუწონა.

"ჩვენს ამ ბუკლეტში არის საუბარი იმ ვალდებულებებზე, რომელიც ეხება ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას, მიმართულების შეცვლას ქვეყნისთვის - როგორ უნდა მოხდეს ეს, როგორ უნდა დავიტოვოთ მეტი ფული თითოეულ ოჯახს, როგორ უნდა მოხდეს კერძო საკუთრების გაზრდა, როგორ უნდა მოხდეს სიღარიბის დაძლევა.

ბუნებრივია, იქ არის საუბარი იმაზე, რატომ არ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ ქართული ოცნება.

ასევე, ლაპარაკია იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამასაც ხაზი გაესვას. ამომრჩეველს აინტერესებს, რა არის ამ 2 პარტიას შორის განსხვავება. ჩვენ სხვადასხვა პოზიცია გვაქვს საპენსიო დაგროვებით ანაბრებთან დაკავშირებით, ქონების ხალხისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, ერთპიროვნულ მმართველობასა და ლიდერის როლთან დაკავშირებით და სხვა რამდენიმე საკითხი, რომლებიც ჩვენ შორის დეკლარირებული განსხვავებებია". - თქვა კაპანაძემ ბრიგინგზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შეცვლილი საარჩევნო სისტემით გაიმართება. 150 მანდატიდან 30 მაჟორიტარებით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით.

მას შემდეგ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ამ სისტემით ჩატარების შესახებ, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმება გააფორმა, 30 ოპოზიციური პარტია შეეცადა, მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინირებული კანდიდატები დაესახელებინა.

საერთო კანდიდატებზე უარი თავდაპირველად ლელომ თქვა და ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი დაასახელა, შემდეგ კი კოორდინაციაზე უარი ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა და მიუთითა, რომ რეგიონებში თავისი კანდიდატები ეყოლებოდა.

ოპოზიცია თავდაპირველად საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე თბილისის 8 ოლქში შეთანხმდა, თუმცა, ენმ-მ ეს პირობაც დაარღვია და თბილისში, ისნის ოლქში ხატია დეკანოიძე წარადგინა.


close დახურვა