ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მხრიდან თავდასხმას, პარლამენტში შესვლის სურვილს და ამ მიზნისთვის საბაბის ძიებას მიაწერს. კაპანაძე ამბობს, რომ თუ ელისაშვილს პარლამენტში შესვლა და გაყალბებული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება სურს, უნდა გამოვიდეს და საჯაროდ განაცხადოს.
"მას თუ უნდა შესვლა, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას", - ამბობს კაპანაძე, - თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად, ის უნდა შევიდეს პარლამენტში და ამ არჩევნებს თავი დაანებოს და თქვას, რომ ის სამართლიანი იყო და ივანიშვილს გაუპრავოს ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას".
ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხრიდან "გაწიკწიკებული საარჩევნო წესების" შემოთავაზების შემთხვევაში, ის პარლამენტში შევიდოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს ლიდერები მოლაპარაკებების პროცესს საბოტაჟს უწყობდნენ, რადგან მათ საპარლამენტო მანდატები ვერ მოიპოვეს.
"მას თუ უნდა შესვლა, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას", - ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ელისაშვილმა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა, - "ეს ეჭვებს აჩენს მის ქვენაზრახვებზე".
დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას, საარჩევნო სისტემის რეფორმირების შემოთავაზების სანაცვლოდ გეგმავს.
მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის შემდეგ მოქალაქეების გარდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ საერთო შეთანხმების არარსებობის პირობებში, მეათე მოწვევის პარლამენტს კვლავ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. მათი თქმით, ხვალ, 10 დეკემბერს მოლაპარაკებების მე-5 რაუნდისთვის დაიწყება მზადება.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. პარტია მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლებასთან დამოუკიდებელი შეთანხმების გაფორმების და მათი პარლამენტში შესვლის შემთხვევეაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება.