logo
ENG



კაპანაძე: თუ იქნება შემოთავაზებული 130/20-ზე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ

05 მარ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

საპატიმროებისან გიგი უგულავასა და გიორგი რურუას მიერ გავრცელებულ გზავნილებს ოპოზიციაში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ თუკი  „ქართული ოცნების“ მხრიდან მათთვის სასურველი შემოთავაზება იქნება, ისინი მზად არიან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ  მმართველი გუნდი 125/25-ზე ან 130/20-ზე დათანხმდება და ამ საკითხს განიხილავს.  

„ეს არის მოწოდება იმისკენ, რომ თუ იქნება არსებითად პროპორციული სისტემა შემოთავაზებული ამას ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს, ეს არის გონივრული მოწოდება. ჩვენც ამ პოზიციაზე ვიყავით, გავაჟღერეთ, რომ თუ იქნება შემოთავაზებული 130/20-ზე, რაც არის არსებითად პროპორციული, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და ეს  ჩვენმა მეგობრებმაც დაადასტურეს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ასე პოლიტპატიმრების ბედით ვაჭრობას გააგრძელებს ეს მას ნამდვილად არ გამოუვა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება მოხდეს. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ჯაფარიძის თქმით, თუ პოლიტიკური დაპატიმრებები და დევნა გაგრძელდება მაშინ სრულიად არანორმალურ გარემოს მივიღებთ, სადაც არჩევნების შედეგები არალეგიტიმური იქნება.

„დღეს გამოქვეყნდა გიგი უგულავას და გიორგი რურუას განცხადებები. მათ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობიანი გარემოს შექმნა, პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემის ირგვლივ მოლაპარაკება. საზოგადოდ ვსაუბრობთ 2 ელემენტიან შეთანხმებაზე, ერთი ელემენტი არის თვითონ სისტემა, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული და უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მეგობრების, სტაბილური პარტნიორების რეკომენდაციები და მოსაზრებები და მეორე - საარჩევნო გარემო. თუ გაგრძელდა პოლიტიკური დაპატიმრებები და პოლიტიკური დევნა მაშინ სრულიად არანორმალურ გარემოს მივიღებთ, სადაც ჩატარებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმაციას დაკარგავს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


close დახურვა