ევროპული საქართველო საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. მიზეზი თეა წულუკიანის კომისიის ხელმძღვანელად ყოფნაა, რომელიც, როგორც პარტიაში ამბობენ, არა პრობლემების მოგვარებით, არამედ ოპოზიციის კრიტიკით არის დაკავებული.
ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, თეა წულუკიანი უწყებათაშორის კომისიას პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად იყენებს.
"არ მივიღებთ მონაწილეობას უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში. ეს არის ის კომისია, რომელსაც ქართული ოცნების გამორჩეული, ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ კომისიას, ისევე როგორც სხვა დანარჩენს, იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის.
ჩვენ კარგად ვიცით ოპოზიციის მიმართ მისი დამოკიდებულება, ზიზღი განსხვავებული მოსაზრების მქონე მოქალაქეების. თეა წულუკიანი ბოროტად იყენებს თავის პოზიციას მის უწყებაში მყოფ საჯარო მოხელეებთან მიმართებით. კარგად ვიცით რამდენჯერ გაათავისუფლა პოლიტიკური მოსაზრების გამო თავისი თანამშრომლები. ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ", - აცხადებს სერგი კაპანაძე.