logo
ENG



კაპანაძე:ქალბატონი წულუკიანისგან უცხო არ არის ბოღმიანი განცხადებები

23 იან 202018:29
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ ოპონენტებს ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით, თუკი ოპოზიცია  მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდება, მათ პროპორციული საარჩევნო სისტემის გამოგლოვება მოუწევთ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის იუსტიციის მინისტრის ასეთი დამოკიდებულება საკითხის მიმართ გასაკვირი არაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას აგრძელებენ და მათ მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემის შეთავაზებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდშიც აპირებენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ხელისუფლებას სურს, რომ მინიმალური მხარდაჭერით უმრავლესობა მოიპოვოს.

„ქალბატონი წულუკიანისგან უცხო არ არის ბოღმიანი განცხადებები. რეალურად, პროპორციული არჩევნები უნდა იყოს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და საზოგადოების მონაპოვარი, მაგრამ ამას აღარ აკეთებს ივანიშვილი. იმიტომ, რომ მათ ნახეს, რომ ხელისუფლებას კარგავენ. მათ უნდათ ისეთი სისტემის შექმნა, რომ მცირე მხარდაჭერით, მაგალითად, 30%-ით მოიპოვონ უმრავლესობა“, - აცხადებს კაპანაძე.

დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის წევრის ლევან კობერიძის თქმით კი, წულუკიანს აქვს უფლება, მსგავსი რიტორიკით ესაუბროს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მას ახლა იმის უფლება, რომ მსგავსი რიტორიკით ესაუბროს ნაციონალურ მოძრაობას, ნამდვილად აქვს. თუმცა, იმედია, დაადასტურეს, რომ ეს არ ეხება ისეთ ოპოზიციიას როგორიც ვართ ჩვენ, რომელთაც გვაქვს განსხვავებული შეთავაზება“, - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად გამართული მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 100-50-ზე ბალანსი შესთავაზა, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. 


close დახურვა