logo
ENG



კაპანაძე:შოთაძე არ მოვიდა პარლამენტში, უნდათ სრული კომფორტი შეუქმნან

18 თებ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. პროტესტის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევას აპროტესტებენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა  სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც შოთაძე პროკურორობის თანამდებობაზე დააბრუნა.

კაპანაძის თქმით, საზოგადოება ხელისუფლებას პასუხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს.

„ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. ჩვენ დღეს სირცხვილის კორიდორი მოვაწყვეთ ამ მონა დეპუტატებისთვის, რომელთაც მიიღეს დავალება, რომ მწვანე ღილაკს დააჭირონ თითი, თან ისე, რომ შოთაძე არ მოვიდეს პარლამენტში. სრული კომფორტი უნდათ, რომ შოთაძეს შეუქმნან. არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ამ პროცესს.

ეს არის საზოგადოებისთვის სილის გაწვნა. ეს არის გენერალური პროკურორი, რომელმაც გააყალბა საქმეები. ამაზე ივანიშვილი არჩევნებზე უფრო დიდ პასუხს მიიღებს. უმრავლესობას ეტყობა შიშისგან გაფართოებული თვალები აქვს და ვერ ხედავენ კარგად რა ხდება. მოვუწოდებ, კარგად გაახილონ თვალები და დაინახონ რა განწყობაა მათ და მათი მმართველის, ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყეს და პარლამენტს სიმბოლურად წრე დაარტყეს.  

 


close დახურვა