ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის თქმით, წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის წამოწევა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა ამოცანა აქვს პროკურატურას.
"დავით გარეჯის გამოძიება, რაც ჩვენ გვესმის, არის სრულიად პოლიტიზებული საქმე. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა ამოცანა აქვთ და ვისზე გასვლას ცდილობენ, მაგრამ ცალსახაა, რომ ასეთი ტიპის თემების წამოწევა წინასაარჩევნოდ ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს", - აცხადებს სერგი კაპანაძე.
29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.
გადაუწყვეტი რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.
1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.
საზღვრის დადგენაზე წლებია, კომისია მუშაობს, სხვადასხვა შემადგენლობით.