„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ცოტა ხნის წინ ეუთო/ოდირის მიერ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი ტყუილების თქმა დაიწყო.
„დაიწყო ტყუილების მორიგი კასკადი ...
ეუთო/ოდირმა დადო დასკვნა, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ ჩვენი შეთავაზება არის არაკონსტიტუციური.
არადა, არაკონსტიტუციური რომ იყოს, ამას ძალიან ღიად იტყოდა, ზუსტად ისე, როგორც შარშან მოლდოვას უთხრა - თქვენი საარჩევნო კოდექსის პროექტი არაკონსტიტუციურიაო!
ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. უბრალოდ, ქართული ოცნების უსტაბაშები იმედოვნებენ, რომ ხალხი შტერია და ამ დასკვნას არ წაიკითხავს, ამიტომ ისევ თავისი მითებით გამოკვებავენ“, - წერს კაპანაძე.
დასკვნა, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი 2 თვეა ელის - ეუთო/ოდირიდან პასუხი ჩამოვიდა, ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტზე, რომელიც არჩევნების, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითვალისწინებს. პაკეტს ხელს 30 მდე პარტია აწერს. დასკვნაში წერია, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მხოლოდ ორგანული კანონის შეცვლას ითხოვს და არა კონსტიტუციის.
დასკვნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთეს მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.