logo
ENG



კარანტინის დარღვევისთვის სანქციები აუცილებელია - პარლამენტმა კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო

18 მარ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 

საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი სამი ათასი ლარით, იურიდიული პირი კი, 15 ათასი ლარით დაჯარიმდება. კარანტინის ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში პირს 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობა მიესჯება.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება მოქალაქეების მხრიდან თვითიზოლაციის წესების დარღვევამ განაპირობა.

„სამწუხაროდ გვიწევს ზომების გამკაცრება, გამომდინარე იქიდან, რომ გვქონდა ქვეყანაში ფაქტები, როდესაც მოქალაქეებმა თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს. განსაზღვრული საკითხების გამკაცრება სამწუხაროდ გამოწვეულია იმ ფაქტებიდან, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იცავენ წესებს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, კანონის გამკაცრება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

„იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული და უკვე შემდგომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კარანტინის წესების, თვითიზოლაციის წესები დარღვევისთვის, რაც აუცილებელია, რომ ჩვენ შევძლოთ მაქსიმალურად პრევენცია იმ ინფექციის, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის მსოფლიო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებას, ის ფიქრობს, რომ სანქციების გამკაცრება აუცილებელია, თუმცა შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მათი გამოყენება საჭირო არ გახდება.

„მოლოდინი მაქვს, რომ არანაირი სანქციის გამოყენება არ დაგვჭირდება, რადგან საშიშროება რეალურია, გავრცელების პერსპექტივა სამწუხაროდ არსებობს. არ მგონია იყოს ვინმე, რომელიც თავის თავს ან ახლობელს ან საერთოდ საზოგადოებას არ მოუფრთხილდება“,  - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1130 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81.

 


close დახურვა