logo
ENG



კარასინის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა განიხილოს

28 ივლ 202118:53
3 წუთის საკითხავი
 
კარასინის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა განიხილოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს.

"ჩვენ მზად ვართ ეს განვიხილოთ. ვფიქრობ, ეს ადრე თუ გვიან გადაწყდება", - განაცხადა კარასინმა, თუმცა კონკრეტულ ვადებზე მას არ უსაუბრია.

მისივე თქმით, რუსეთის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა შესაძლოა სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართოს. კარასინმა განმარტა, რომ შეხვედრის ადგილი ჯერ შეთანხმებული არაა და ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. "გავრილოვის ღამისა" და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ გადაწყვიტა შეაჩეროს ქართული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთში.

მიმდინარე წლის 22 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდეკომ თქვა, რომ მიმოსვლის აღდგენაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ იმსჯელებენ. 


close დახურვა