logo
ENG



კარბაიას მკვლელობაში მესამე ბრალდებული იარაღის უკანონო ტარებისთვის ზუგდიდში დააკავეს

29 თებ 202415:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/29/8uvk6pmr4wus7bj.jpg

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეში მესამე ბრალდებული, ოკუპირებული გალის ე.წ მილიციელი ზუგდიდში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

დაკავებულ ე.წ მილიციელზე ოკუპირებულ გალში სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული. ის საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე სამიდან ერთ-ერთი ბრალდებულია.

ორი ე.წ მილიციელი 12 თებერვალს დააკავეს. ის კი ე.წ. საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა.

კარბაიას საქმეში ე.წ მილიციელებს ბრალად ედებათ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ძალადობით გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება.

კარბაიას მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

***

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თემურ კარბაია გალში 16 დეკემბერს დაკრძალეს. მოძრაობა აფხაზეთისთვის ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა 15 დეკემბერს ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის ცემის შედეგად დაიღუპა. 


close დახურვა