თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ გარდაცვლილს გაუჩინარების დღეს რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული.
რამიშვილის თქმით, ფოტოებზე არ ჩანს, რომ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის განწყობა ჰქონდა.
"ძალიან კარგი განწყობა ჰქონდა, ძალიან კარგ ხასიათზე არის ბავშვი. სელფი არის გადაღებული. დილის 10:03:43 საათზე არის გადაღებული. გუშინ აღმოვაჩინეთ ფოტოები, თავის მობილურშია", - აცხადებს რამიშვილი.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.