logo
ENG



კარდაკარი რეგიონებში, წერილი დასავლელ პარტნიორებს - რას გეგმავს ოპოზიცია

03 აპრ 202117:14
3 წუთის საკითხავი
 

15 მაისის საპროტესტო აქციის მოსამზადებლად ოპოზიცია საორგანიზაციო შტაბს აფუძნებს. მასში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შევა.

ოპოზიციური პარტიები რეგიონებს გადაინაწილებენ და ე.წ. კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

გადაწყვეტილება დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

"დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას.

დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით". - თქვა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ამის პარალელურად, ოპოზიცია კიდევ ერთხელ მიმართავს პარლამენტს, გააუქმოს მათი სადეპუტატო მანდატები. 

"კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, რომ ხელახლა ხომ არ შევიტანოთ ეს საკითხი. ამაზე მსჯელობა არ დასრულებულა. კიდევ არის ერთი ვარიანტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ რატომ არ უქმდება მანდატები. მოგეხსენებათ, ანტიკონსტიტუციურია ის, რაც ხდება. ამაზე იყო მსჯელობა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,- აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე. 

ასევე იგეგმება ერთობლივი განცხადების გავრცელებაც საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით, რათა თავიდან აცილებული იქნას ქვეყნისთვის სანქციების დაწესება.  

"ყველა პარტია ვთანხმდებით, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ რაიმე სანქციებზე, ან პირობებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია, კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი და არა ქვეყანაზე. ამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი- ოპოზიციის როლი". - თქვა ჩიხლაძემ. 


close დახურვა