არ არის გამორიცხული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდეს კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში - მიზეზი ე.წ. საეკლესიო კლასტერია. ეპიდემიოლოგები ახლაც მუშაობენ კასპში.
ამის მიზეზი კი სოფელ ხოვლეს მცხოვრები პირია, რომელიც საპატრიარქოს დაცვაში მუშაობს. მას კოვიდ 19 12 აპრილს დაუდასტურდა. ინფექციის საბოლოოდ დადგენამდე კი ერთი კვირის განმავლობაში სოფელში იმყოფებოდა.
ამ დრომდე უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა მას კომუნიკაცია და ვინაა საპატრიარქოს დაცვის დაინფიცირების წყარო.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.