თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 10 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფს თანხას. ამის შესახებ მან დღეს, 12 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ მეტროსადგურებს:
- გურამიშვილი;
- სადგურის მოედანი;
- სარაჯიშვილი;
- მარჯანიშვილი;
- თავისუფლების მოედანი;
- 300 არაგველი;
- რუსთაველი;
- ისანი;
- წერეთლის გამზირი;
- ნაძალადევი.
თბილისის მერის ცნობითვე, 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა მიიღონ პროექტები ათ მეტროსადგურზე.
კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება სამ მეტროსადგურს, მათ შორის, გოცირიძეს, ვარკეთილსა და ავლაბარს.
"გოცირიძის სადგურზე უკვე დაწყებულია პროექტის განხორციელება, რეაბილიტაცია დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები.
ვარკეთილსა და ავლაბრის მეტროსთვის გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე.
კონტრაქტორებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ნოემბრისთვის უნდა ჩააბარონ სრული პროექტი", - ამბობს კალაძე.