logo
ENG



კახა კალაძე: საქართველოში ყველას უფლებები ყოველთვის იყო დაცული, ეს დღესაც ასე იქნება

09 ნოე 201912:08
3 წუთის საკითხავი
 
pogr56yqdrje0dz.jpg

კინოთეატრებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. მისი განცხადებით, მიუხედავად დაძაბულობისა, შს სამინისტროს თანამშრომლებმა კარგად იმუშავეს და მყისიერად მოახდინეს რეაგირება.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ. მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც მიუხედავად დაძაბულობისა, შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობის პრევენცია იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც მოქალაქეებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, მიმართეს ძალადობას. რეაგირება იყო მყისიერი და რა თქმა უნდა, ეს იქნება რეაგირების საგანი. დღეს ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, საქართველოს სჭირდება კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის  წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ვფიქრობ ზედმეტი ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანების უფლებები ყოველთვის იყო დაცული და ეს ასე გაგრძელდება.

​"ძალიან ცუდი სანახავი იყო ის რაც გუშინ ვიხილეთ, ძალიან სამწუხაროა. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები და ყველას უფლებები ყოველთვის იყო დაცული, ეს დღესაც ასე იქნება და მომავალშიც," - აცხადებს კახი კალაძე.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი საუბრობს, რომ ლევან ვასაძე თითქოსდა კოორდინირებულად მუშაობს მმართველ პარტიასთან და ამიტომ არ სთხოვენ პასუხს იმ განცხადებებზე, რომელსაც ის აკეთებდა როგორც ამ დღეებში ასევე სხვა დროს. ამ თემაზე კომენტარს თბილისის მერი აკეთებს.

"ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი - ის ადამიანები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ (ვასაძე, ბრეგაძე, ფალავანდიშვილი) და მეორე ის ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ანალიზსაც სწორს გააკეთებს,"- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში 27 სამართალდამრღვევი დააკავა. საქმე აღძრულულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ ფაქტებზე. მთლიანობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.


close დახურვა