ქართული ოცნება იმედის ეგზიტოპლზე დაყრდნობით გამარჯვებას ზეიმობს. ტელარხის მტკიცებით, პარტიის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 51.3% აიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა.
სცენის მოწყობა მათ დღის პირველ ნახევარში დაიწყეს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი მმართველი პარტიის ლიდერები სცენაზე ავიდნენ და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადეს.
მოქმედი მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, "მზად არის, ქალაქს 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს".
"მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს და ამ ქალაქის განვითარებას. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ქალაქს, არის მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს საშუალებას, რომ შემდგომი 3 წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითრება, სწრაფი განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ". - თქვა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ტარდება და იქამდე დიდი დროა.
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა:
კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 43%
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 39%
გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.