ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავი ქონება დააყადაღა. ამის შესახებ დამფუძნებლების ადვოკატი, კახა კოჟორიძე facebook-ზე წერს.
კოჟორიძის თქმით, ყადაღა დაედო მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას.
"სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.
ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით.
გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს", - წერს კოჟორიძე.