ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში გუშინ ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 2.
მთავარი არხის ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
ცნობილია, რომ 22 წლის კაცი, რომელიც მანქანას მართავდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ფორმულას შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.