ქართული ოცნების დეპუტატი კახა კახიშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის დაანონსებულ აქციაზე საუბრისას ამბობს, რომ ამით საერთაშორისო სკანდალი გაღვივდება. ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას, კახიშვილი აღნიშნავს, რომ ამასთან, დაუცველები რჩებიან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სხვა მოქალაქეები.
"ეს ადამიანი, ჩემი ინფორმაციით, არის ჯანმრთელად და ნორმალურად, თუმცა ციხეში. ის ხმამაღალი განცხადებები, რა შედეგს მოუტანს ამ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ესეც ხო დასაფიქრებელია? ამოცანა რა არის? ამ ადამიანის დაბრუნება, თუ საერთაშორისო სკანდალის გაღვივება, შეიძლება იმის ჯარხზეც, რომ ვიღაცის სიცოცხლეც რაღაცას ემსხვერპლოს?
იმ მონაკვეთზე საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც დაუცველები არიან ასეთ პირობებში. მათზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გავაკეთოთ, რომ ერთი დღის ნიუსი აჭრელდეს და შემდეგ რა იქნება ამაზე არ ვიფიქროთ", - თქვა კახიშვილმა.
ხვალ, 23 ივნისს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.
მისმა ოჯახმა მისი გათავისუფლების თხოვნით არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. ისინი შეხვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. მიიღეს დაპირებებიც, რომლიც ამ დრომდე არ შესრულდა.
ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე ამბობს, ის ხვალ გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციას გააგრძელებს.
პარალელურად, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლო პროვოკაციაა, რომელსაც ისინი არ დაუშვებენ.
კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება - "ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები ჩაიშლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში".
კგბ ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება.
მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.