logo
ENG



კახიძე: ხელისუფლება წლების განმავლობაში პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობას ახალისებს

19 სექ 202012:43
3 წუთის საკითხავი
clock 643

ქუთაისში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე ნაციონალური მოძრაობის წევრზე, ლევან ცუცქირიძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ დამნაშავეები სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. 

როგორც კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ მომხდარზე სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თავდასხმის უკან ქართული ოცნება დგას. 

"ხელისუფლება წლების განმავლობაში ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

ეს ყველაფერი ქმნის უაღრესად სახიფათო, ძალადობრივ ფონს წინასაარჩევნოდ, რაც არის არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული და თავისთავად დასაგმობი ქმედება, არამედ მთლიანად საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საზოგადოებაში. 

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი დასტური, რომ თავდამსხმელთა უკან დგას ქართული ოცნება" - ამბობს ოთარ კახიძე. 

პოლიტიკოსმა ის ინციდენტებიც გაიხსენა, რა დროსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და ლიდერებს თავს დაესხნენ და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია. 

"დღემდე დაუსჯელნი არიან 2013 წელს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან ჯგუფურად მოძალადე პირები და მათი ხელმძღვანელები; დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე ჯგუფური თავდასხმის ჩამდენები და ორგანიზატორები; კორცხელში ხელისუფლების წარგზავნილ ზონდერთა ჯგუფი და მათი კურატორები; ახალქალაქში ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თავდამსხმელთა ჯგუფი; გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე აეროპორტში თავდამსხმელი ზონდერები და აღნიშნული თავდასხმის დამკვეთები და ა.შ" - განაცხადა კახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ იოსებიძის ქუჩაზე ენმ-ის წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები გუშინ დაესხნენ თავს

 


close დახურვა