logo
ENG



კახიძე თადუმაძეზე:როგორც გენერალური პროკურორი, განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე

10 ოქტ 201913:21
3 წუთის საკითხავი
 
kbtatdrklpdofjj.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე მიიჩნევს, რომ პროკურორ შალვა თადუმაძის დიპლომში არასწორი მონაცემების არსებობა, ავტომატურად გამოძიების დაწყების საფუძველია, თავად პროკურორი კი უკვე გადადგომაზე უნდა წერდეს განცხადებას.

“ის ინსტიტუტი, რომელიც დამთავრებული აქვს ბატონ თადუმაძეს, ფუნქციონირებს 1994 წლიდან, ხოლო მის დიპლომში შეტანილი მონაცემი ყალბია, თითქოს 93 წლიდან სწავლობდა ჯერ კიდევ არარსებულ ინსტიტუტში. როცა დიპლომში მონაცემი ყალბია, ეს ავტომატურად გამოძიების დაწყების საფუძველია. ამავე დროს, დამატებით კითხვებს ბადებს ის გარემოება, რომ ბატონმა თადუმაძემ, თურმე ექსტერნად დაამთავრა 5-წლიანი ინსტიტუტი 4 წელიწადში, თან ისე, რომ სამიანებზე სწავლობდა. არც ერთი კურსელი და ლექტორი რომ არ გახსოვს, სრული აბსურდია. ამ კითხვებზე სანამ კომპეტენტური პასუხი არ დაიდება, მანამდე არათუ უზენაეს სასამართლოში დაწინაურებაზე, არამედ როგორც გენერალური პროკურორი, განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე,“ - განაცხადა ოთო კახიძემ.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძის მიერ წარმოდგენილ ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომს, კახიძე მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად არაფერშუაშია და ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ჩვენ ვსაუბრობთ თადუმაძეზე. თუ ვინმემ კიდევ სადმე რაღაც გააყალბა და დიპლომი იყიდა, ეს არანაირად არ უკავშირდება თადუმაძის შემთხვევას. ამიტომ ყურადღების გადატანის ნაცვლად, მე ვურჩევდი ყველას, რომ ვფოკუსირდეთ იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ და ამ გენერალურ პროკურორს ახლა უზენაეს სასამართლოში უპირებენ გადაყვანას,“ - აღნიშნა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, დიპლომის მიხედვით, თადუმაძე 1994 წელს დაარსებულ სასწავლებელში 1993 წელს ჩაირიცხა.

 

 

 


close დახურვა