logo
ENG



კახოვკას ჰესის აფეთქების გამო, უკრაინა G7-სა და EU-ს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს

06 ივნ 202317:23
3 წუთის საკითხავი
 
კახოვკას ჰესის აფეთქების გამო, უკრაინა G7-სა და EU-ს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრად დაგმონ რუსეთის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება.

საგარეო უწყება მიმართავს დიდი შვიდეულის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ ახალი სანქციების დაწესება რუსული სარაკეტო ინდუსტრიისა და ბირთვული სფეროს მიმართ.

"კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება არის ხელოვნური და ეკოლოგიური ტერორიზმი, უმსხვილესი ხელოვნური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გამოვლენილი მორიგი გენოციდი. ეს არის კრემლის პასუხი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ითხოვენ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაუდებელი სხდომის გამართვას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდნენ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ინიციატივას, კერძოდ კი, გენოციდის წინააღმდეგ, ასევე ბირთვული და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ პუნქტებს.

დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. 

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".

მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.


close დახურვა