logo
ENG



კეკელიძეზე დაკავებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

27 იან 202417:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/27/sgn2velkte73l3g.png

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულების, გიორგი ხასიასა და აკაკი ჩიქობავას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. ინფორმაცია ამის შესახებ პუბლიკას ადვოკატმა, გურო იმნაძემ დაუდასტურა. 

25 იანვარს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიება ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავება - ისინი აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია, ხოლო ხასაია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

***

23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

 


close დახურვა