logo
ENG



კელი: დასავლეთი აღარაა ფოკუსირებული კავკასიაზე, ვაკუუმს კი არალიბერალური ქვეყნები ავსებენ

30 იან 202215:18
3 წუთის საკითხავი
 
კელი: დასავლეთი აღარაა ფოკუსირებული კავკასიაზე, ვაკუუმს კი არალიბერალური ქვეყნები ავსებენ

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი სომხურ გამოცემა Infocom-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო წლებში დასავლეთი აღარაა კონცენტრირებული სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთმა რეგიონში ერთპიროვნული პოზიცია დაიკავა.

ინტერვიუ შეეხებოდა ნაგორნო-ყარაბახის კონფლიქტს, კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის პოზიციებს და უკრაინაში რუსეთის პოტენციურ აგრესიას.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - იქცევა თუ არა კავკასია დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არენად უკრაინასთან ომის შემთხვევაში, კელიმ განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი კავკასიაში უკვე არსებობს, თუმცა ბოლო წლებში უფრო მეტად რუსეთის სასარგებლო ცალმხრივ შეჯიბრს ჰგავს.

კელის თქმით, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნები ამ რეგიონიდან ფაქტობრივად განდევნა და შედეგად გაჩენილ ვაკუუმს რუსეთის გარდა ისეთი არალიბერალური ქვეყნებიც ავსებენ, როგორიცაა თურქეთი და ირანი.

ის აცხადებს, რომ დასავლეთი კავკასიაზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ჩიხში შესულ კონფლიქტზეც აღარაა კონცენტრირებული.

„დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება უკვე არსებობს კავკასიაში. სამწუხაროდ, ეს უფრო მეტად ცალმხრივი შეჯიბრია ვიდრე 1990-იან წლებში ან 2000-იანების დასაწყისში იყო, როცა დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ და საფრანგეთი ბევრად აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველაზე რთული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაში. ბოლო წლებში, ვფიქრობ რუსეთმა დაიკავა ცალმხრივი პოზიცია და დასავლური ქვეყნები რეგიონიდან განდევნა.

თუ შევხედავთ საქართველოს, უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია იქ ჩიხშია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ აქტიური კონფლიქტი არაა. [კონფლიქტი] აქტიურია, რადგან ადამიანებს კვლავ იტაცებენ, დროდადრო ხდება ტრაგედიები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ.

ახლა რომ კავკასიაში ვიყო უფრო მეტად იმაზე ვიღელვებდი, რომ დასავლეთი არ არის ფოკუსირებული იმ მოვლენებზე, რაც ხდება კავკასიაში და, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ჩვენ ვხედავთ რეგიონში დიდ ძალები, არა მარტო რუსეთი, არამედ ირანი და თურქეთიც, როგორ ავსებენ გაჩენილ ვაკუუმს.

ამ ეტაპზე გარდაუვალი დაპირისპირების არ მეშინია, რადგან რამდენიმე დამაიმედებელი ფაქტორია, კონკრეტულად კი ახალი დიალოგი თურქეთსა და სომხეთს შორის. თუმცა აშკარაა, რომ კავკასია აღიქმება როგორც მოსკოვის ექსკლუზიური ინტერესების სფეროდ და მე უფრო მეტად ამ რეგიონში არა ლიბერალური ძალების, კონკრეტულად რუსეთის, თურქეთისა და ირანის ზრდა მაშფოთებს", - განაცხადა იან კელიმ. 

კელის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის მთავარ როლში გამოჩენა მისთვის შემაშფოთებელია. ამ ცალმხრივ პროცესს კი საკმარისი ყურადღება არ დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.

ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად შემაშფოთებელი და რასაც ყველაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მშვიდობისმყოფელ ძალად რუსეთის ერთპიროვნული გამოჩენაა. ახლადშემუშავებული მრავალმხრივი მექანიზმი „3+3 ფორმატი“ კი არ მოიცავს აშშ-ს, საფრანგეთს ან ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანას.

ამ ფორმატის ინიციატორი თურქეთი იყო და მიზანი თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით რეგიონის პრობლემების გადაჭრაა. კელიმ აღნიშნა, რომ საქართველომ იმ ფორმატში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს ჩართვაზე უარი განაცხადა.

„ბუნებრივია, რომ კონფლიქტის მხარეების გადასაწყვეტია, როგორ სურთ შეთანხმებამდე მისვლა, როგორ მოახერხებენ მშვიდობის შენარჩუნებას. თუმცა საბოლოო შედეგი აშშ-ისა და ევროპისგან გამიჯვნაა“ - აცხადებს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ბაიდენის ადმინისტრაციის საკმარის ძალისხმევას ან სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის შემუშავებულ სტრატეგიას, რაც მისთვის სამწუხაროა.

იან კელის თქმით, აუცილებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სავაჭრო ხაზში ჩართვა, განაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა რუსეთი და 3+3 ფორმატი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ მივეჩვიეთ სამხრეთ კავკასიისთვის სამხედრო უსაფრთხოების ჭრილში ყურებას, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ რეგიონს დამოუკიდებელ ეკონომიკურ ზონად უნდა აღვიქვამდეთ.

მჯერა, რომ აშშ-მ და ევროპამ უნდა გაიღოს ძალისხმევა, რომ კავკასიის ქვეყნები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გზაში ჩართოს და არა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ვაჭრობაში.

3+3 ჯგუფის კონფიგურაციაში კი ჩემი აზრით მიზანი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სავაჭრო გზაა, რომელიც რუსეთზე გაივლის.
ვიმედოვნებ, რომ აშშ და კონკრეტულად ვაშინგტონი და ბრიუსელი, შეიმუშავებენ სტრატეგიას, რათა კავკასიის ქვეყნები იმ სავაჭრო გზაში ჩართონ, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის" -  Infocom-თან ინტერვიუში განაცხადა იან კელიმ.


close დახურვა