logo
ENG



კელი: საქართველოს მთავრობა მისი კონტროლის მექანიზმების გაუქმებით ერთპარტიულობას ესწრაფვის

04 იან 202211:11
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაუქმებით ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. იან კელი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საელჩო საქართველოს მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო.

"მესიჯი ნათელია, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების მარგინალიზებით და გაუქმებით საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ეჭვი შეიტანეს მთავრობის ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ კეთილსინდისიერებაში" - წერს იან კელი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. საელჩოში აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ ამასთან ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.

საელჩოში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება. მათთვის შემაშფოთებელია ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა.

"განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს", - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

გასულ კვირას ქართული ოცნების ინიციატივით პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონში შესატანი ორი ცვლილებათა პაკეტი. 

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ცვლილებათა პაკეტი ისე მომზადდა, რომ მის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ მოგვიანებით, მედიისგან გაიგო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის იდეას არ იზიარებდნენ არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც დიპლომატიური კორპუსი და ოპოზიცია.

გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონპროექტი მოსამართლეების დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით. მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით".

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. მოქმედი კანონმდებლობით ამისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო, ცვლილებებით კი საკმარისი იქნება ხმათა უმრავლესობა.

 

close დახურვა