logo
ENG



კელი დეგნანი: FBI გამოძიებაში მაშინ ერთვება, თუ საქმე ამერიკის მოქალაქეს ეხება

04 სექ 202016:40
3 წუთის საკითხავი
 
2xbm0pt6fqoxua8.jpg

ამერიკის ფედერალური ბიუროს უარს ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმიანება და ამბობს, რომ ფედერალური ბიურო სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, თუ საქმე ამერიკის მოქალაქეს ეხება, ან საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია.

დეგნანის თქმით, სხვა შემთხვევაში ფედერალური ბიურო არ ერთვება, რადგან ეს მათი კომპეტენცია არაა:

"ვუსამძიმრებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. ეს უდიდესი ტრაგედიაა განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებმაც შვილი დაკარგეს. ვხვდები, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის ეს ოჯახი შვილის დაკარგვის გამო.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ FBI არის სამართალდამცავი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი იურისდიქცია კი ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატებზე. რაც შეეხება, სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის საქმეებში მათ მონაწილეობას, ეს ხდება მაშინ, როდესაც გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ეხება, ან ამერიკული ინტერესია საკითხში წარმოდგენილი. სხვა მხრივ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება FBI-ს კომპეტენციაში არ შედის", - აცხადებს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. 

შეგახსენებთ, რომ FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებითბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ FBI მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს. პროკურორის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს გააჩნია.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ოჯახმა მოითხოვა. გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქართულ საგამოძიებო ორგანოებს FBI-ის ჩართვა არ უნდა, რადგან საქმეში "მათი ხელი ურევია". მისივე განცხადებით, თუ FBI ჩამოვა და დაუდებს დასკვნას, რომ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დაიჯერებს.

დღესვე პროკურატურამ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა