logo
ENG



კელი დეგნანი: არჩევნებზე NDI-ს საქმიანობის ინტენსივობა არ შემცირდება

04 სექ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 
gsfwo8atuor50gt.jpg

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, დამკვირვებლების ადგილზე ვერჩამოსვლის მიუხედავად, 2020 წლის საქართველოს არჩევნებზე NDI-ს საქმიანობის ინტენსივობა არ შემცირდება. 4 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბარში ელჩმა განმარტა, რომ ადგილზე იმუშავებენ ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესებს და იქნებიან მუდმივ კოორდინაციაში საქართველოში არმყოფებთან. 

"ამ ჯერზე მათ შეიმუშავეს მიდგომა, რომლის მეშვეობითაც შეეძლებათ დაიცვან ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და იყვნენ ჩართულებიც.

ადგილზე იქნებიან ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესებს და იქნებიან მუდმივ კოორდინაციაში აქ არმყოფებთან. გაკეთდება იმავე სახის შეფასებები და ჩატარდება ის სამუშაო, რაც აქამდე ტარდებოდა.

არანაირი შემცირება სამუშაოს, ან მონაწილეობის ინტენსივობაში მოსალოდნელი არაა. საქართველოს გაუმართლა, რომ ადგილზე ბევრი დამკვირვებელია, რომლებიც თავიანთი ცოდნით დააკვირდებიან ამ პროცესს", - თქვა კელი დეგნანმა. 

NDI-მ გადაწყვიტა, რომ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს არ გამოგზავნოს ადგილზე დამკვირვებელთა დელეგაცია. ინსტიტუტი განცხადებაში ამის მიზეზად Covid-19-თან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას ასახელებს და წერს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას გადახედეს და საკუთარი შესაძლებლობები განიხილეს. 

ამასთან, NDI აპირებს, კვლავ დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ანალიტიკოსების გუნდი დაიწყებს კამპანიაზე დაკვირვებას. ისინი იმუშავებენ დისტანციურად, საქართველოში დაფუძნებულ ასისტენტებთან ერთად. 


close დახურვა