logo
ENG



კელი დეგნანი კორონავირუსთან ბრძოლაზე: საქართველო სამაგალითოა რეგიონში

05 მარ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 
mvz7jriwgp95kux.jpg

„ვფიქრობ რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში“, -  ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა კორონავირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების განხილვის მიზნით ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. მინისტრმა დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმართული ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში, ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო, აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამორჩეულია.

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ძალიან პროაქტიული ზომები აქვს გატარებული, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მცირეა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სამაგალითოა რეგიონში. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, გამოვიარე არაერთი აეროპორტი და მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს აეროპორტი ამ კუთხით ყველაზე მეტადაა მობილიზებული. პერსონალი სრულიად აღჭურვილია შესაბამისი დამცავი საშუალებებით. შემოსვლისთანავე უზომავდნენ ტემპერატურას მგზავრებს, იყვნენ ძალიან ორგანიზებულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მსოფლიო ჯანდაცვა დგას კრიზისის წინაშე და ამ გამოწვევის საპასუხოდ ყველა უნდა გავერთიანდეთ.

აშშ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალაშია, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. მინდა ავღნიშნო, რომ ვაფასებ საქართველოს, იმ ძალისხმევისთვის, რასაც ახორციელებს. აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები, დაიბანონ ხელები, დარჩნენ სახლში თუ თავს კარგად არ გრძნობენ. მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ქართველები ძალიან პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ, იცავენ თვითიზოლაციის წესებს და თუ თავს ცუდად გრძნობენ ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ატყობინებენ. ვთლი, რომ ამ საკითხში მოსახლეობა ძალიან კარგად გყავთ ინფორმირებული. აღნიშნული კი რეგიონს დაეხმარება ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას“, - განაცხადა ელჩმა.


close დახურვა