ძიძები, მძღოლები, რეპეტიტორები, დამლაგებლები სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებენ. ასე ესმის სამართლიანობა და თანასწორობა ქართული ოცნების ხელისუფლებას. ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია უკვე მესამედ შედგა მთავრობის სხვადასხვა უწყებაში, შედეგი კი ერთია, დაურეგისტრირებელი თვითდასაქმებულები 300 ლარს ვერ მიიღებენ.
მოსახლეობის მოწყვლად ფენას, რომელიც საარსებო თანხას კერძო პირებთან არაფორმალური საქმიანობით შოულობდა, მთავრობა ცნობას ან საბანკო ამონაწერს სთხოვს. არაფერი იცვლება მოვაჭრეებისთვისაც, ბაზრების ადმინისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნებს ხელისუფლება ძალაში ტოვებს. ოპოზიციას არ ესმის, რატომ აღარიბებს საკუთარ მოქალაქეებს მთავრობა მიზანმიმართულად, როცა თვითდასაქმებულების დახმარება, დისკრიმინაციის გარეშეც, ბიუჯეტს შეუძლია.
ოპოზიციაში ხელისუფლების მიდგომებს დისკრიმინაციულად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ყველა თვითდასაქმებულის დასახმარებლად ბიუჯეტში რესურსის მოძებნა შესაძლებელია. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ხელისუფლების გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა.
„ევროპულ საქართველოში“ დღეს კიდევ ერთხელ წარმოადგინეს გეგმა - რომელიც ხელისუფლებამ არ გაიზიარა. ამ გეგმით იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, სახელმწიფო შემდეგი 8 თვის მანძილზე ხელფასის 50%ით დაეხმარებოდა, თვითდასაქმებულებს კი 400 ლარიანი დახმარება და 120 ლარიანი ვაუჩერი შეხვდებოდა.
ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ მთავრობის გეგმა ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს და მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს. მთავრობა კი აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას კვლავ არ აპირებს.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული სქემა კორუფციის წყაროც გახდეს. დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს დახმარების მისაღებად საბუთს წარდგენა არ დასჭირდებათ. ეს მონაცემები შემოსავლების სამსახურს დამქირავებელმა უნდა მიაწოდოს. ოპოზიციაში კი შიშობენ, რომ გარკვეული კომპანიებისთვის ეს შესაძლოა ფულის მითვისების ხერხი გახდეს.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ბიზნესოპერატორებმა სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რის შემდეგაც შესაბამისი ორგანოს მიერ მათ შეამოწმებენ. თუ ობიექტები უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებენ, მათ მუშაობის აღდგენის საშუალება მიეცემათ. მათ შორის არიან აგრარული ბაზრებიც, რომელთა ადმინისტრაციებსაც მიაჩნიათ, რომ დაწესებული რეგულაციები ძალიან მკაცრია. სამინისტროში კი მიაჩნიათ, რომ ეს რეგულაციები მინიმალურია.
მიზნობრივი დახმარებების შესახებ პრეზენტაციებს სხვა სამინისტროებიც გეგმავენ, თუმცა ძირითადი უწყებების პოზიცია, რომლებიც თვითდასაქმებულების ბედზე არიან პასუხისმგებელი უკვე ცნობილია. სქემა სავარაუდოდ აღარ შეიცვლება და ასი ათასობით დაურეგისტრირებული თვითდასაქმებული დახმარებას ვერ მიიღებს.