მოდელი კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ, ბრალდებულის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა, დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ დეტალები კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, ჩვენება არ მიუცია, ხვალ ბრალს წარუდგენენ. საქმის დეტალებს ამ ეტაპზე არ ვიცნობ", - თქვა ადვოკატმა.
ადვოკატმა საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს დამატებით კითხვებზე არ უპასუხა და თქვა, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს.
37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლული იპოვეს. ქალს მრავლობით ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ბექა ჯაიანი პოლიციამ დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.