logo
ENG



კვარაცხელიას დედა: დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები

30 მაი 202217:35
3 წუთის საკითხავი
 

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიების დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები დააკავეს. არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ფაქტზე ძმები გუგა და დათა კაკულიები დღეს, 30 მაისს დააკავეს.

ძმები კაკულიები რამდენიმე გახმაურებულ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებენ. ერთ-ერთი ვერსიით,  სწორედ მათ დაუკვეთეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, თუმცა, ოფიციალურად ეს ვერსია არ დასტურდება.  

კვარაცხელიას დედის თქმით, ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი "მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან გახდა".

"ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს - აქ ვართ, არსად წავსულვართ, დაიჩოქეთო. არა, შვილებო, არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე.

ვიმედოვნებ ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას კი არა ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ - ვებსტერელო ახალგაზრდებო, ნუღარ შეგეშინდებათ და მოჰყევით რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი, ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით!!!" - წერს ის.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.

შსს-ში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ალეკო ჭელიძეს 17 წელი მიუსაჯეს, ხოლო გიორგი კავილაძეს - 16 წელი. ორივე მათგანი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. 


close დახურვა