logo
ENG



კვირიკაძე კინოცენტრზე: ეს არ ეხება მარტო კულტურას - გვექნება ცენზურა, დავკარგავთ კინოს

27 ივნ 202318:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/6p7aqcqlao38mz4.jpg

კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ ბოლო პერიოდში კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესების მთავარი საფრთხე კულტურის სფეროში ცენზურის გაჩენაა.

კვირიკაძის თქმით, ეს ყველაფერი ეროვნული მუზეუმიდან დაიწყო, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყვა და შესაბამისად, პროცესი გაგრძელდა.

"გამიხარდება თუ კიდევ ბევრი ადამიანი გამოთქვამს ამ პროტესტს იმიტომ, რომ ეს არ ეხება მარტო კინოს და კულტურას, ეს ყველა სფეროს ეხება, რომელიც ნელ-ნელა აუცილებლად გაიშლება და მასიურ ფორმას მიიღებს. აქ არ დამთავრდება იმიტომ, რომ აქ არც დაწყებულა. გვახსოვს, რომ ეროვნული მუზეუმით დაიწყო ეს და ეტყობა, საკმარისი რეაგირება არ მოჰყვა ამას და დღე უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ. კინოს მრავალფეროვნებას დავკარგავთ, ეს არის ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საშიშროება. გვექნება ცენზურა და რაც ვთქვი ადრეც - უბრალოდ კინოს გადაიღებენ ერთი ან ორი ადამიანის აზრის თანახმად და რეალურად, დავკარგავთ კინოს. რასაც ემსახურება კულტურა და კინო, რეალურად იმ ფუნქციას არ შეასრულებენ და ეს ჩვენი განვითარებისთვის იქნება ძალიან ხელისშემშლელი" - თქვა კვირიკაძემ.

"ბიაზი გასკდა"- ამ სახელწოდებით კინემატოგრაფებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, იწურება დრო, რაც მათ კულტურის მინისტრს შეხვედრისთვის მისცეს.

 

* * *

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."


close დახურვა