316 ათასი დოლარი, ანუ დაახლოებით მილიონი ლარი - ეს ის თანხაა, რაც ფეისბუკის ანგარიშის მიხედვით, ე.წ. ტროლებმა და ბოტებმა რეკლამირებაში დახარჯეს. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს.
საიდან იხარჯებოდა ფული, სად არის ეს ფული და აისახა თუ არა პარტიის მხარდამჭერ შემოწირულობაში? ეს ის კითხვებია, რომელთაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
რამდენიმე ასეული გვერდი და ჯგუფი რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან იმართება და სამართლიანი არჩევნების ანგარიშშიც მოხვდა, უკვე გაუქმებულია. მიხეილ ბენიძემ გუნდთან ერთად ცრუ საინფორმაციო და პროპაგანდისტური შინაარსის შემცველი გვერდების მოკვლევა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიწყო. შემდეგ კომპანია ფეისბუკს ოფიცილურად მიმართა. დაიბლოკა ყველა ის გვერდი, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" კავშირში ამხილეს. ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა.
გამოძიების დაწყებას მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც თავადაც არაერთხელ გახდნენ პროპაგანდისტული გვერდებისა და ანგარიშების კოორდინატორების შავი პიარის მსხვერპლნი. გიორგი მშვენიერაძე შალვა თადუმაძის საპარლამენტო მოსმენას იხსენებს, როცა პროკურატურის პიარმა ფოტო გადაუღო, რამდენიმე წუთში კი სოციალურ ქსელში დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა.
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ნიშნებს ხედავენ ოპოზიციაში და გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში იმედი არ აქვთ.
უფრო შორს მიდიან ანალიტიკოსები, რომლებიც ამერიკული კვლევით ჯგუფების მუშაობის პრინციპს კარგად იცნობენ. ამბობენ, რომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ავტორიტარული რეჟიმების, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ბერკეტია, თუმცა როდესაც ტვინის გამორეცხვის მეთოდს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, რეაგირების გარეშე არ დარჩება.
დაიწყება თუ არა გამოძიება დახარჯულ მილიონებზე ან საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირებაზე, ჯერ უცნობია.