logo
ENG



კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი და სატრაპეზო ეკლესია უკრაინის სახელმწიფოს დაუბრუნდა

05 იან 202318:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/9psck0llccbewr5.jpg

სატრაპეზო ეკლესია და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრის მთავარი ტაძარია, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სარგებლობიდან ამოიღეს და სახელმწიფოს დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა.

შესაბამისმა კომისიამ ქონების ინვენტარიზაციასა და შენობა-ნაგებობების დათვალიერებას 2 იანვრიდან ახორციელებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძრების დაბრუნების შესახებ შესაბამისი აქტი გაფორმდა.

"მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ბოლო სხდომაზე არ გამოცხადდა მიტროპოლიტი პავლე, რომელსაც აქტზე ხელი უნდა მოეწერა, ეს სახელმწიფო ქონების დაბრუნების წინაღობა არ არის", - თქვა ტკაჩენკომ.

მინისტრის თქმით, სატრაპეზო ეკლესია და მიძინების ტაძარი უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას სარგებლობაში 2016 წელს გადაეცა. იჯარის ხელშეკრულება 2022 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს იჯარით დაკავებულ ტაძრებს ჩამოართმევდნენ. ლავრის წინამძღვარმა მიტროპოლიტმა პავლემ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, რომ შენობები არ ჩამოერთმიათ.

ნოემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩერის ლავრაში "კონტრდაზვერვითი სამუშაოები" ჩაატარა. ამის შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ტაძრებშიც.

დეკემბრის დასაწყისში კიევ-პეჩერის ლავრაში დარეგისტრირდა რუსეთის დაქვემდებარებაში არმყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული პირი. მაშინ კულტურის მინისტრი აცხადებდა, რომ ლავრის გადაცემაზე საუბარი არ მიდის.

4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ეპიფანე შობის დღესასწაულზე ღვთისმსახურებას აღავლენს ლავრის მიძინების საკათედრო ტაძარში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას გეგმავს.


close დახურვა