სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა კიევზე ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად - ამასთან, მედიების ცნობით, განადგურებული რუსული დრონების ნამსხვრევებით დაშავდა 3 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევს 3-ჯერ დაესხნენ თავს - დედაქალაქზე იერიში მიიტანეს ორშაბათს, დილის საათებშიც. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობის ბოლო ორი სართული. მათივე განცხადებით, შესაძლოა, ნანგრევებში მოქალაქეები კიდევ იყვნენ.
პარალელურად, რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას მოსკოვში ორ საცხოვრებელ კორპუსზე დრონების შეჯახების შესახებ. მართალია, რუსი ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, ვინ განახორციელა თავდასხმა, თუმცა აცხადებენ, რომ რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად "სერიოზულად" არავინ დაშავებულა, მხოლოდ რამდენიმე შენობა დაზიანდა.