უკრაინაში აცხადებენ, რომ სუდანიდან უკრაინის, საქართველოსა და პერუს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დახმარებით განხორციელდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამმართველო უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან ევაკუირებულია უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად მფრინავები, ტექნიკოსები და მათი ოჯახის წევრები, ამასთან, მათ საქართველოსა და პერუს მოქალაქეებიც გამოიყვანეს.
"ჯამში გადარჩენილია 138 მოქალაქე. მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვია. ამჟამად ევაკუირებულები იმყოფებიან ეგვიპტის ტერიტორიაზე. მათ აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაციის პირველი ფაზა დღეს დასრულებულად გამოაცხადა. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, მოქალაქეები სუდანი-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან, რის შემდეგაც ეგვიპტეში გადაიყვანენ, საიდანაც სამშობლოში გაემგზავრებიან.
ევაკუაციაში უკრაინელების ჩართულობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაფერი უთქვამს.