კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ ხარკოვის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა და მისი დაკავების ნებართვა გასცა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სისხლის სამართლის პროცესში "სახელმწიფო ღალატის ჩადენის გარემოებებზე განუსაზღვრა".
გამოძიების ინფორმაციით, იანუკოვიჩმა დახმარება გაუწია უცხო სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას და მის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში.
"მსგავსი ქმედებების შედეგად, ხელოვნურად შეიქმნა წინაპირობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარების რაოდენობის გაზრდის, მათი გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის და მომავალში - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემოჭრისა და მათ მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციის" - აცხადებენ პროკურატურაში.
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. მან პოსტი მაიდნის საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა. უკრაინის მოსახლეობამ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც იანუკოვიჩმა უკრაინა-ევროპის ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა, რაც უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებდა და რუსეთისგან დააშორებდა.