logo
ENG



კიევის სასამართლომ პოროშენკოს ქონება დააყადაღა

06 იან 202218:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/06/47txk0nv90zrrbt.jpg

კიევის პეჩორის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ქონება დააყადაღა. გადაწყვეტილება სასამართლომ 6 იანვარს სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მიიღო.

ქონება, რომელსაც ყადაღა დაედო, მოიცავს ბინებს კიევსა და ვინიცაში, მამული კოზინში, მიწები, ასევე, კერძო კომპანიების აქციები.

პოროშენკოს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყადაღას გაასაჩივრებენ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ქონების დაყადაღების მთავარი მიზანია, ხელი შეეშალოს პოროშენკოს პოლიტიკურ საქმიანობას.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს სისხლის სამართლის სამ მუხლს ედავებიან: ტერორიზმის დაფინანსება, სახელმწიფო ღალატი და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა. მას ედავებიან, რომ წინასწარი შეცნობით გარკვეულ ჯგუფთან ერთად მოქმედებდა, რომელთა შორისაც რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც იყვნენ. 2014-2015 წლებში კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისგან ქვანახშირს ყიდულობდა, რითაც ტერორისტულ ორგანიზაციებს უწყობდა ხელს.

ამჟამად პოროშენკო საზღვარგარეთ იმყოფება და აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება.


close დახურვა