უკრაინული მედიის ცნობით, კიევში საჰაერო თავდასხმის დროს აფეთქებები იყო - ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, ქალაქის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქის თავზე Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს.
"მტერი დედაქალაქს უტევს Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალით. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი", - ნათქვამია განცხადებაში.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც უწყება წერს, ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული და მოქალაქეებს მის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.