logo
ENG



კიევში აცხადებენ, რომ 15 თებერვლის კიბერშეტევა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო

16 თებ 202220:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/16/15nkm01k84st0tf.jpg

უკრაინის ვიცე-პრემიერის, მიხაილ ფედოროვის თქმით, 15 თებერვლის კიბერთავდასხმა სახელმწიფო ვებგვერდებსა და ბანკებზე უკრაინის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. როგორც ის ამბობს, გუშინ ყველა უწყება ჩართული იყო იმაში, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ თავდასხმისთვის.

კიბერთავდასხმის დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ძალების ვებგვერდები გაითიშა. ხელმიუწვდომელი იყო ზოგიერთი ბანკის აპლიკაციებიც.

"ეს თავდასხმა უპრეცედენტო ხასიათისაა, გასაგებია, რომ ის წინასწარ მზადდებოდა და მთავარი მიზანი იყო დესტაბილიზაცია, პანიკის დათესვა, ყველაფრის გაკეთება, რომ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ქაოსი გაჩნდეს", - განაცხადა ფედოროვმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იყო კიბერუსაფრთხოებაზე, სწრაფად რეაგირებდა, ამიტომაც კიბერთავდასხმამ მიზანს ვერ მიაღწია.

"საბანკო სისტემა ძალიან სწრაფად აღდგა, ყველა ვებგვერდი, ასევე, ძალიან სწრაფად აღდგა... უკრაინა მზადაა მსგავსი თავდასხმისთვის, ჩვენ გვესმის, რომ ეს იგეგმებოდა. გვესმის, რომ შესაძლოა მომავალშიც განმეორდეს", - განაცხადა მან.


close დახურვა