logo
ENG



კიევში უნდათ ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად ქუჩას სახელი გადაერქვას

20 იან 202320:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/11kmaey1u51r6h4.jpg

კიევში, პეჩერის რაიონში უნდათ ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად ქუჩას სახელი გადაერქვას. შესაბამისი შინაარსის პეტიცია კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა.

პეტიციაში წერია, რომ კიკაბიძის სახელი უნდა დაერქვას ქუჩას, რომელიც ახლა რუსი მწერლის ნიკოლაი ლესკოვის სახელს ატარებს. კიკაბიძეს პეტიციაში გამოჩენილ ქართველ მსახიობად, მომღერლად და უკრაინის დიდ მეგობრად იხსენიებენ.

"ვახტანგ კიკაბიძე - ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარია, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ ომში. მსახიობმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო უარი თქვა რუსეთის "მეგობრობის" ორდენზე. კიკაბიძემ მოსკოვში საიუბილეო კონცერტები გააუქმა და განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ქმედებების შემდეგ ჯილდოებს ვერ მიიღებს და კონცერტებს ვერ ჩაატარებს. მას შემდეგ იგი რუსეთში აღარ ყოფილა.

მან 2014 წელს უკრაინას მხარი დაუჭირა რუსეთთან დაპირისპირებაში. 2019 წელს კიკაბიძემ გამართა კონცერტები უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბეჟნი) - კონცერტები იყო მიძღვნილი რუსი ბოევიკებისგან გათავისუფლების მე-5 წლისთავს. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ", - წერია პეტიციის ტექსტში.

მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. იგი 19 იანვარს დაკრძალეს. 

 


close დახურვა