logo
ENG



კიმ ჩენ ინი რუსეთში პუტინს ხვდება

13 სექ 202309:44
3 წუთის საკითხავი
 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვდება. ბოლოს ისინი ერთმანეთს 2019 წელს ვლადივოსტოკში შეხვდნენ.

ამჟამად შეხვედრა კვლავ შორეულ აღმოსავლეთში, კოსმოდრომ ვოსტოჩნიიზე იმართება. კიმ ჩენ ინი იქ თავისი მწვანე მატარებლით ჩავიდა, სადაც წითელ ხალიჩაზე მოპირკეთებული კიბე იყო განთავსებული, ზუსტად იმ ადგილას, სადაც კიმი უნდა ჩამოსულიყო.

როგორც ჩრდილოეთ კორეის, ისე რუსეთის დელეგაციებში მაღალჩინოსანი დიპლომატები და სამხედრო მეთაურები შედიან. კიმ ჩენ ინის გვერდით იმყოფება მისი გავლენიანი და, კიმ იო ჯონგი.

შეხვედრისას პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს გაესაუბრნენ, მოგვიანებით კი კოსმოდრომის ობიექტები დაათვალიერეს.

როგორც ჩანს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინს განუცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

"რუსეთი წმინდა ბრძოლაშ შევიდა თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ჰეგემონიური ძალებისგან. ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს პუტინის ყველა გადაწყვეტილებას", - თქვა კიმ ჩენ ინმა.

"მადლობელი ვარ, რომ ასეთ ყურადღებას იჩენთ რუსეთში ჩვენი ვიზიტის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ იმპერიალიზმის წინააღმდეგ", - აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

ჩრდილოეთ კორეის მედია წერს, რომ კიმი ფხენიანიდან რუსეთისკენ კვირას თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, მასთან ერთად არიან მთავრობისა და სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები.

სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში სამშაბათს დილით ჩავიდა.

კიმ ჩენ ინი იშვიათად ტოვებს ქვეყანას. 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში ის ქვეყნიდან შვიდჯერ გავიდა, აქედან ოთხჯერ იყო ჩინეთში.


close დახურვა