logo
ENG



კინოცენტრი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ორ მსახიობს ლოს-ანჯელესში მგზავრობას დაუფინანსებს

30 ოქტ 201918:17
3 წუთის საკითხავი
 
t5lh084qq276jqw.jpg

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი განცხადებას  ავრცელებს , სადაც ნათქვამია, რომ კინოცენტრი ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ორ მსახიობს ლოს-ანჯელესში მგზავრობას დაუფინანსებს.

„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მიესალმება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია) წარდგენას ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვება ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაში.

ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის - ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის - მგზავრობას ლოს-ანჯელესში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მსახიობების მონაწილეობა კამპანიაში უაღრესად წაადგება ფილმს, მით უმეტეს, რომ ლევან გელბახიანმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა.

ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა ერთხელ უკვე გაწია ხარჯი 12 500,00 (თორმეტიათას
ხუთასი) ლარის ოდენობით მიმდინარე წლის მაისში იმისათვის, რომ შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრს (ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ქეთი დანელია, ნინო ჯინჭარაძე, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი) მონაწილეობა მიეღო კანის კინოფესტივალის პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული“.

კინოცენტრი წარმატებას უსურვებს ფილმს, მის ავტორებს, მთელს შემოქმედებით ჯგუფს და ამ ფილმის ყველა გულშემატკივარს. იმედს გამოვთქვამთ, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოსკარითა და ოქროს გლობუსით დაგვიბრუნდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პროდუსერმა ქეთი დანელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კულტურის სამინისტრომ მათ უარი უთხრა ფილმის ოთხი წარმომადგენლის ლოს-ანჯელესში გასამართ ფესტივალზე გამგზავრების ხარჯების ანაზღაურებაზე.


close დახურვა