საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
მათ განცხადებაში წერია, რომ კინოფესტივალს, რომელიც დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს, სუბსიდიის გარეშე ჩაშლის საფრთხე ემუქრება. ამასთან, პოსტში აღნიშნულია, რომ კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც არ დაუფარავს და კინოფესტივალის ოფიციალურ მიმართვებს არ პასუხობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და კობა ხუბუნაია არიან დაინტერესებულები, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მათთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას ქართველი კინემატოგრაფისტების მიერ მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოხატულ უკმაყოფილებას უკავშირებს.
"მინისტრის და მისი მოადგილის ეს გადაწყვეტილება სავსებით ჯდება მათ მიერ წარმოებული კულტურის პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა მიმართულია განსხვავებული აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანიზაციების წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, მინისტრი განარისხა იმ ფაქტმა, რომ გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა აქციით გამოხატა უკმაყოფილება მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ასევე იმით, რომ კინოფესტივალის დროს დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია საქართველოს კინოინსტიტუტი, რომელიც ეროვნული კინოცენტრისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სხვადასხვა თაობის ხუთასამდე კინემატოგრაფისტს აერთიანებს.
თბილისის კინოფესტივალისთვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხრივ დაფინანსების შეწყვეტა სადამსჯელო აქტია ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ.
ჩვენი სურვილია, მივაწვდინოთ ჩვენი პროტესტის ხმა თბილისის კინოფესტივალის ყველა მეგობარს, პარტნიორს, დონორს თუ სპონსორს მთელს მსოფლიოში, ვუამბოთ მათ ამ უსამართლობის შესახებ და ვთხოვოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად დახმარება", - აღნიშნულია განცხადებაში.