logo
ENG



კირვალიძე, კვერენჩხილაძე, არდაშელია - ვინ იმუშავებს განახლებულ „დროებაზე“

24 აპრ 202019:49
3 წუთის საკითხავი
clock 3234
e8lqie0t519u3kg.png

თითქმის 13-წლიანი პაუზის შემდეგ, საკვირაო ტელეჟურნალი „დროება“ ეთერში ბრუნდება. გადაცემა, რომელიც ყველა თაობის მაყურებელზე იქნება გათვლილი, ფორმულას ეთერში კვირას 20 საათზე აიღებს სტარტს.

გადაცემის წამყვანის გიორგი თარგამაძის განცხადებით, „დროება“ ჩვენი საზოგადოებისთვის იქმნება, რომლებიც სხვადსხვა სოციალური წრის, თუ ეთნიკური წარმომავლობის არიან.

„ეს არის ის გადაცემა, რომელიც მრავალწლიანი ფიქრის და შრომის შედეგად შეიქმნა თავის დროზე არამხოლოდ ჩემს მიერ, არამედ უამრავი საინტერესო ჟურნალისტების, ტელეოპერატორების, რეჟისორების, პროდიუსერების მიერ. მადლობა მინდა გადავუხადო ძველი დროების გუნდს იმისათვის, რასაც ერთად ვქმნიდით. ძველი გუნდიდან ახალ დროებაში აღარავინ აღარ არის, ზოგიერთი თავის გადაცემას უძღვება. ლევან ვეფხვაძე ადრე გადაცემის მთავარი პროდიუსერი იყო და ლომის წვლილი მიუძღვის იმ წარმატებაში, რასაც დროებამ თავის დროზე მიაღწია. ძველი დროების გაკეთებაში დიდი წვლილი მიუძღვის ზურაბ ფანქველაშვილსაც. ეს ადამიანები დღეს ძალიან დატვირთულები არიან, თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ. ამ დროებაში მათი ადგილი კი არ მოინახა, უბრალოდ ეს სხვა დროებაა. ვიცი, რომ ისინი ჩემზე არანაკლებად ნერვიულობენ და გულშემატკივრობენ. ჩვენ მათ წინაშეც გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა და მათ შორის იმ მაყურებლების წინაშე, რომლებსაც ახსოვთ ეს დროება იმ განწყობით და იმ მოლოდინით, ელოდებიან ამ ყველაფერს, როგორითაც ის დღეს ელოდება. ახლანდელი ჟურნალისტების მიმართ დაშტამპული მიდგომა, რომ ამ თემაზე ერთი კონკრეტული ჟურნალისტი იმუშავებს ასე არ იქნება. თუ მათთვის საინტერესო იქნება, შინაგანად, გულწრფელად ჩათვლიან, რომ საუკეთესო ენაზე შეუძლიათ მოუთხრონ მაყურებელს ამის შესახებ, ან მოიტანონ ისეთი ტიპის ექსკლუზივი, რომელიც დამსახურებულად მათ მიერ უნდა მომზადდეს, ჟანრობრივად შემოსაზღვრულები არ იქნებიან. გადაცემა არ იქნება მარტო პოლიტიკაზე და ისე როგორც ძველი დროება, არ იქნება მარტო გართობაზე. ასეც რომ იყოს, ეს თემები ყველა აუცილებლად იქნება ისეთი ფორმით მოტანილი, რომ ჩვენი საზოგადოების კულტურული დონის პატივისმცემელი იყოს“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

გადაცემის მთავარი პროდიუსერის მათე კირვალიძის განცხადებით, „დროების“ გუნდი შეეცდება კორონავირუსის პარალელურად ქვეყანაში არსებული სიტუაცია მაყურებლამდე მიიტანონ.

„შევეცდებით, რომ COVID-ის პარალელურად გაჩერებული ქვეყნის ამბავიც ვაჩვენოთ. რაღაც ყველაფერი შემოსაზღვრა, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება. შევეცდებით კოვიდს მიღმა არსებული სამყაროც ვაჩვენოთ და ჩაკეტილი საინფორმაციო სივრცე სხვანაირად გავარღვიოთ. ის ჟურნალისტები, რომლებიც ეხლა დროებაში არიან, ნაწილს სატელევიზიო სივრცეში მუშაობის გამოცდილება აქვს, არიან დებიუტანტებიც. იმედი გვაქვს, რომ ეს დებიუტანტებიც ისეთი წარმატებულები იქნებიან რაღაც დროის შემდეგ, როგორც ახლა ძველი დროების გუნდის წევრები არიან“, - განაცხადა მათე კირვალიძემ.

10-წლიან გამოცდილებას თორნიკე კვერენჩხილაძე „დროებაში“ გამოიყენებს და მაყურებელს საინტერესო, დასამახსოვრებელ რეპორტაჟებს შესთავაზებს.

„მოვიარე დასავლეთ საქართველო და კორონას კონტექსტში ვაკეთებ რეპორტაჟს იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ვირუსმა ტრადიციებზე, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია. დროებაში უბრალოდ იმიტომ მოვდივარ, რომ უნდა ვისწავლო. არ არის მარტივი, რომ დროების ლოგოს ქვეშ აკეთებდე რეპორტაჟებს. მეტი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა თორნიკე კვერენჩხილაძემ. 

„დროება“ პროდაქშენის გუნდი ამ ეტაპზე 7 ჟურნალისტისგან შედგება. მათგან ბევრი დამწყებია, თუმცა კონკრეტული მიზნებით და ამოცანებით მოდიან.

„ჩემთვის, როგორც რიგითი მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ყოველთვის არა ის ინფორმაცია, რომელიც ზედაპირზეა, არამედ მისი გამომწვევი მიზეზები. რისი გაკეთებაც დროებაში გვინდა ეს არის მეტი ანალიზი და იმ მიზეზების ძიება, თუ როგორ მივედით კონკრეტულ თემამდე“, - აცხადებს ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი.

თანამედროვე დროება იმ ჟანრობრივი სპეციფიკის გაგრძელებაა, რომელიც მან ქართულ ტელესივრცეში საკმაოდ დიდი ხნის წინ შემოიტანა. პროდიუსერ მათე კირვალიძის განცხადებით, გადაცემა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება საინტერესო.

„ძველ დროებასა და ახალ დროებას შორის სხვაობა ის არის, რომ იმ მოცემულ პერიოდში, როდესაც დროება ეთერში გავიდა, მას აბსოლუტურად სხვა ფუნქცია ჰქონდა საზოგადოებისთვის დამალული ინფორმაციის მიწოდების. მაშინ ასეთი საჭიროება იყო და აბსოლუტურად სხვა ფუნქციის მატარებელი იყო. ახლა უფრო მეტ ანალიტიკას შევთავაზებთ საზოგადოებას, რადგან მგონია, რომ ანალიზის დრო უფროა ვიდრე მშრალი ინფორმაციის მიწოდების“, - განაცხადა მათე კირვალძემ.

პროდიუსერ მართა არდაშელიას განცხადებით, დროების გაკეთება საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა გუნდი ბევრს შრომობს, რათა მაყურებელს იმედი არ გაუცრუვდეს.

„დიდი გამოწვევაა ყველასთვის იმიტომ, რომ დროება არის ბრენდი ქართულ ტელეისტორიაში. ძალიან ვშრომობთ, რომ არ გავუცრუოთ მოლოდინი მაყურებელს და მაქსიმალურად ვიხარჯებით“, - განაცხადა მართა არდაშელიამ.

„დროება“ ფორმულას ეთერში ყოველ კვირას 20:00 საათზე გავა.


close დახურვა