ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელზეც, ოპოზიციის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ, 26 ნოემბერს ჩაინიშნა.
ახალი საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან ამბობენ, რომ ამ გზით ქართული ოცნება ცდილობს, ვადაგადასულ საკრებულოს ყოველგვარი კანონიერების გარეშე მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი.
ენმ-ს წევრი, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციური საკრებულოს დაშლა აქვს გადაწყვეტილი. კირთაძის თქმითვე, ისინი ბიუჯეტის მიღებას ხელს შეუშლიან.
"ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო, ოღონდ ამასთან ერთად, მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი: ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, კანონის, მორალის და სამართლიანობის გარეშე მიაღებინონ 2022 წლის ბიუჯეტი.
ზეგ ჩატარდება ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც მიიღებს 2022 წლის ბიუჯეტს და წავა სახლში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას", - ამბობს კირთაძე.
2021 წლის არჩევნების შედეგად, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაკარგა: წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის.
ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის თქმით, მმართველი პარტია არალეგიტიმური გზით ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობს ზუგდიდშიც.