ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ შიდაპარტიული არჩევნები პარტიას უფრო წაადგება.
"არ მგონია ვინმე იყოს წინააღმდეგი იმისა, რომ მეტი ჩართულობა იყოს, უფრო მეტი დემოკრატია იყოს და ყველა პოზიციაზე პარტიაში მაღალი ლეგიტიმაციით იყვნენ არჩეულნი ადამიანები. ეს წაადგება ნაციონალურ მოძრაობა დარწმუნებული ვარ. ნაციონალური მოძრაობა ხომ ყოველთვის ამკვიდრებდა თანამედროვე უფრო გახსნილ წესებს, მათ შორის შიდაპარტიულს და მისასალმებელია ეს ინიციატივაც. მათი მხრიდან, ვინც წამოაყენა ეს წინადადება, ბუნებრივია გამოსჭვიოდა სურვილი, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდეს", - ამბობს კირკიტაძე ფორმულასთან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.
ენმ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.
ირაკლი ნადირაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტია "ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი იყოს", რადგან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, საქართველოს გათავისუფლების, ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი ძლიერი ნაციონალური მოძრაობაა, "რომელიც ყოველთვის ოპოზიციის ფლაგმანი იყო".